„რაც შეეხება ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას – დიახ, სწორედ ეს არის ის განზომილება, რომელიც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არის მყარი სამართლებრივი საფუძველი, რა არის დამატებითი კრიტერიუმები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის – სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის, სახელმწიფოს აღიარება, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს, თავისთავად, ქმნის პრობლემას,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ორი საფუძველი აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.
„რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ამასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, ვფიქრობ, ახლა უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი – არსებობს თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და მეორე – იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არ შეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას, თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა და საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ყველა ვთანხმდებით, რომ აქვს სწორედ ეს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა და ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც შეეხება პოლიტიკურს -სწორედ ამაზე იყო, მათ შორის, თქვენი მხრიდანაც, პლენარული სხდომის დროს არგუმენტები წარმოდგენილი, რომ მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა სამივე შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი მოცემული, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალური თუ ბევრი ასეთი მცდელობა იყო არგუმენტების წარმოდგენის, დეპუტატებს მოვუწოდებდით, რომ მიეღოთ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახსნას, მათ შორის, ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას – დიახ, სწორედ ეს არის ის განზომილება, რომელიც გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუკი არის მყარი სამართლებრივი საფუძველი, რა არის დამატებითი კრიტერიუმები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც, რაც იყო ეს საკითხი და სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის, სახელმწიფოს აღიარება, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს, თავისთავად, ქმნის პრობლემას და სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ირაკლი კობახიძეს. ასე რომ, ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას – სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.