პარლამენტი მიმდინარე კვირაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს

14/02/2022

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 15-18 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავეს. მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები 40-ზე მეტ საკითხს განიხილავენ. პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატები საქართველოს კანონის პროექტებს „გრანტების შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილავენ. სასესიო კვირის განმავლობაში, პლენარულ სხდომებზე საპარლამენტო კომიტეტები გასული წლის ანგარიშებს წარადგენენ. გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საპენსიო სააგენტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშების მოსმენა. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების – კახაბერ კუჭავას, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0