„ისწავლე და დასაქმდი“ – მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ მომზადებას 1123 მოქალაქე გადის

03/02/2022

მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. ამჟამად, ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში მომზადებას 1123 მოქალაქე გადის. პროგრამაში ჩართული პირები 40-ზე მეტ პროფესიას „იკაროსში“, „მერმისში“, „სპექტრში“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ეუფლებიან. სწავლების პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო.

„პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში ეუფლებიან. ვთანამშრომლობთ არა მარტო პროფესიული სასწავლებლებთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან. 2018 წელს დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ამ ხნის განმავლობაში 5600 მოქალაქე ჩაერთო. პროგრამის 4500-მა მონაწილემ მომზადება უკვე დაასრულა და მათი 75 პროცენტი დასაქმებულია“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. მონაწილეების ახალი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის მარტში იგეგმება. პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქე იყოს მინიმუმ 18 წლის და თბილისში რეგისტრირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0