„2021 წლის 21 იანვრის ისტორიული გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ! ამ გადაწყვეტილებაში 95-ჯერ არის ნახსენები სიტყვა – ოკუპაცია, სწორედ იმ უწყების დამსახურებით და იმ ხალხის დამსახურებით, ვინც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენის დროს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებში საუბარია იმაზე, რომ სწორედ ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია და სწორედ, ის არის პასუხისმგებელი ომ მოვლენებზე, რომელიც მიმდინარეობდა 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში და ე. წ. ბუფერულ ზონებში. „სწორედ, ამ გადაწყვეტილებაში დეტალურადაა მიმოხილულია და საუბარი ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ მკვლელობებსა და დევნაზე და არის სწორება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არის ნამდვილად ისტორიული. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იუსტიციის სამინისტროს საშუალებით დაუტოვებს ჩვენს მომავალ თაობას“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს წინ აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დავა ოკუპანტ ქვეყანასთან.
„ჩვენ, ერთად უნდა შევძლოთ, სწორედ, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ყველა სამართლებრივი დავა მოუგოთ ოკუპანტ ქვეყანას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები და ბატონი მინისტრი ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვიზეიმოთ მორიგი ისტორიული გამარჯვებები“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სწორედ იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩართულობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია პენიტენციური ჯანდაცვა, სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24- საათიანი ხელმისაწვდომობა, ყველა დაწესებულებაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის მოდელი, სხვადასხვა ანგარიშებში პოზიტიურად არის შეფასებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია 24/7 გრაფიკში.
„2014 წლიდან ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელება შემცირებულია 73%-ით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მკურნალობა საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასევე, ხელშესახები პროგრესია B და C ჰეპატიტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების მხრივ“, – აღნიშნა ანრი ოხნაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, 2012 წლიდან განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის კუთხით იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმილ რეფორმებზე. „გააგრძელეთ რეფორმები და თქვენ გექნებათ თითოეული ჩვენი დეპუტატის მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.