საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა და მათ ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთართი ინიციატივა გააცნო: – დიდი პატივისცემით მოგესალმებით ყველას. ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით.
ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ასეთი ტიპის მიღება პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში. ამ დღეებში მე ასევე მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან რეგულეციებიდან გამომდინარე, არ გვეძლევა ყველას ერთად მოწვევის საშუალება. ამიტომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგანაც მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი – ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ცოტათი მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება დღეს ქვეყანას.
თუნდაც ეს ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა არის პოზიტივი და მე მგონი, პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც რეალურად ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, რომ არის დროული და გეტყვით რატომ. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, უკვე ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, გამონაკლისი პერიოდების გარდა, სულ იყო დაპირისპირება, არსებობდა ორი ან მეტი ბანაკი. ეს არის ის, რაც გავიარეთ და რაც არავის სურს, რომ განმეორდეს. წარსულის ეს ფურცლები, რომლებიც დღემდე არ გაგვიაზრებია, დღეს ლოდებად გვაწვება. საზოგადოება უკვე გადაღლილია. ყველასთვის გაუსაძლის ამ მდგომარეობას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა საით უნდა წავიდეთ, რომ დავმშვიდდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს. ეს საკითხებია: განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც კი დაყოფილია. იმასაც ვამჩნევთ, რომ გვავიწყდება გარე სამყარო. რა ხდება გარეთ, ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა საფრთხეები და შესაძლებლობებია. დროა ახალგაზრდებისათვის. თვალს თუ არ დავხუჭავთ, ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა – მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ. დროა ჩემთვის. 3 წელი გავიდა. ამ პერიოდში, მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე ამ საკითხების ექსპერტებს და მათ ერთი საერთო დასკვნა აქვთ, რომ სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არა თუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილია წარუმატებლობისკენ იმიტომ, რომ საჭიროა მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იმ სამ წელში, რაც დამრჩა ეს პროცესი დავიწყო, ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც და როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ, დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. დღეს აქ ყველა არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის იმიტომ, რომ არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს; ეს ჩვეულებრივი ფორმაა. ეს არც შეურაცხყოფა და არც უხერხულობაა. იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია. მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ როგორ ვხედავ ამ პროცესს – ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და რომლის პირველი ეტაპიც მოსმენა იქნება. გასაგებია ჩემთვის, რომ კომენტარები მრავალფეროვანი იქნება, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილია, ამიტომ ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო და ამტკიცებს, იმას რომ მართლაც დროა. ეს აქტუალურია ყველასთვის, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვანაირად (ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას) მაგრამ უკვე მოცემულობაა საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს: პირველია ინკლუზიურობა. დღეს ყველაფერი პოლარიზებულია, ყველა სფერო, ყველა დარგი და ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომელიც დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესის რომელიმე მომენტში არ იქნება ჩართული, შეძლოს გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა – ეს ცუდად იყო გაგებული. გასაგებია, რომ შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, (მით უფრო, თუ წარსულსა და აწმყოს ეხება), სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, აუცილებელია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად, თუ ქართული პროცესი. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა გარედან და მონდომება, მათ არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რათა მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ასეთ შედეგებს ელის – არარეალისტუტრია. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი. ცხადია, არსებობს ბევრი მაგალითები, მოდელები, რომლებიც გამოყენეს სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანებში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპზე, შემდეგ სულ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაიმე ფორმით გამოხატული, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩავთვლით, რომ პირველი, გარკვევის ეტაპი დასრულდა, რა ფორმატზე გადავალთ – ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, ეს იქნება კომისიის შექმნა, რომელიც უფრო დეტალურ განხილვას შეუდგება, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, თუ სახალხო კრება, ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება თუნდან ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე. არავის არ აქვს ამაზე პასუხი.
მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ის ვინმეს თავს მოვახვიო. მთავარია რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუკი დავიწყეთ, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად რაღაც ეტაპამდე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ ის, დავხუროთ წარსულის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება და მომავალი დავინახოთ უფრო ნათლად. ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას, არ ვიცი ჩვენ გვაქვს თუ არა მთლიანად დავმშვიდების უნარი, შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგრამ გარკვეულწილად ის ნაწილი, რაც აუცილებელია საქმისთვის – დემოკრატიის გამყარება. ეს ის ერთ-ერთი პირველი შედეგია, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. რეალურად ის, რასაც ჩვენ განვიცდით ეს ის სენია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. პრაქტიკულად ძალიან ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს. ჩვენ ვნახეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში რა დოზითა და დონით შეიძლება უცებ გაჩნდეს და გაღვივდეს დაპირისპირება და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით გავხდეთ ერთგვარი მაგალით იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ამ პროცესის დაწყება, რაზეც უამრავი დიდი ქვეყანა ფიქრსაც კი ვერ ბედავს. ცხადია ეს ყველაზე ნამდვილი გზაა – ეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზების, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების და ოკუპაციის, რომელზეც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ. დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმისა, თუ როგორ დავძლიოთ ეს, არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის შინაგანად გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ უპირველესი უნდა იყოს ძლიერი, გაერთიანებული ქვეყნის მაგალითი, ქვეყნისა, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა. იმისთვის, რომ ეს ერთიანობა და პერსპექტივა დავანახოთ ჩვენს აფხაზებსა და ოსებს და ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც წაიყვანს წინ და მისცემს პერსპექტივას. და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის მინიმალური კონსესუსი შეიქმნას, რათა ერთად გავიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზა. ეს ერთის ხელში არ არის, ეს ერთობლივ ხედვაშია. რთულია, ძალიან რთულია, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. ერთმანეთთან ყველაფერში თანხმობა ვერასოდეს გვექნება – ეს არარსებული ქვეყანაა, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს, მაგრამ რაღაცაზე უნდა შევძლოთ შეთნხმება, ყოველ შემთხვევაში, ერთად საუბარი, იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც ან მივიღოთ, ან არა. ეს ეროვნული საუბარი, რომელიც ჩემი ამ ინიციატივის საწყისია, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის დასასარულიც. ჩვენ ეს ეროვნული საუბრები შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და ამით ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) გვინდა.
როვნული თანხმობის პროცესი იწყება მოსმენით, აზრთა გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებითა და სამართლიანობით, რომლის შემდეგაც შეიძლება შედგეს შერიგება
16/12/2021