დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე

10/12/2021

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე და ამ ეტაპზე, თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კუჭავამ დამსწრეებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპირობო პატივისცემა დაადასტურა. მისი თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ 1918 წელს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლებმა საუკუნეების გამოცდილებით ჩამოყალიბებული და მოსახლეობის ნებით განმტკიცებული მემკვიდრეობა პირველ კონსტიტუციაში ასახეს. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე მსოფლიოში სხვა მოსაზრებები იყო გავრცელებული, საქართველოში საზოგადოების ყველა ჯგუფი ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო.

„თითოეული ადამიანი ერთობლიობაში ქმნის და აშენებს ძლიერ სახელმწიფოს. შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ეს ფუნდამენტური ფასეულობა კვლავაც უნდა განამტკიცებდეს საქართველოს სახელმწიფოს და აძლიერებდეს ეროვნულ თვითმყოფადობას. ამავე დროს, ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ახალი თაობის რეფორმებზე საუბრის პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა ხდება და მათ არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. აქვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ ადამიანის უფლებების დაცვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისკენ გადადგა.

„საქართველოს პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს როგორც სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების, ისე მათ სათანადო აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და ამ პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა.

„ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მხრივ შინაარსობრივ რეფორმებს გულისხმობდა, დღეს უკვე გასაახლებელია და უფრო ამბიციური გეგმაა შესამუშავებელი. ეს უნდა მოხდეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ გვქონდა გამოწვევები და სწორედ ამიტომ, საჭიროა მეტი მუშაობა და წინსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე და ამ ეტაპზე თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც და აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიის განსახილველად პარლამენტი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს.

„ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტს საქართველოს პარლამენტს, ვფიქრობ, მთავრობა ახლო მომავალში წარუდგენს და ამ სტრატეგიის განსახილველად პარლამენტი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველვყოფს იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი საერთო შეთანხმების, კონსენსუსის საფუძველზე იქნას პარლამენტის მიერ დამტკიცებული. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მიღწევები ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ერთად გავაგრძელოთ უფრო ძლიერი ქვეყნის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0