1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნებათ

24/11/2021

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. რესტორნებში სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება და აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე იმსჯელებს. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის” კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემთხვევაში, 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია. „მწვანე პასპორტის” მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის” მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 822 383 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 763 755 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 11 679 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 58 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 084 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 611 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0