ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა.
„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე.
„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცედენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით.
„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცედენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ასევე მოვამზადეთ ახალი პროგრამები, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები. ნაწილი უკვე დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ ამ მასშტაბებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და საზოგადოებას ახალი ინიციატივები უახლოეს მომავალში წარედგინება.
„გარდა ამისა, უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებს და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება – ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა და ამ სამი ძირითადი იდეის გარშემო უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.