ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა თაობის ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
“გულითადად ვულოცავ ვეტერანთა დღეს სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის. დღეს თქვენთან, მთელს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებთ თქვენს თანამებრძოლთა, იმ გმირთა ხსოვნას, ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა, ვინც ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბატონმა კობამ ჩამოთვალა ყველა ის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ ჩვენი მთავრობის პირობებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, გადახედილი იქნება და ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ესაა ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი სამსახურისთვის და ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გახსნა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.