კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის ტრენინგი განხორციელდა

24/09/2021

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა კოვიდის მართვის საკითხებში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტი, საქართველოს მასშტაბით, 12 ყველაზე დიდ კოვიდკლიკაში იმყოფებოდა, მონიტორინგის შედეგები კი პირადად მინისტრს გააცნო და რეკომენდაციებიც წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის ტრენინგიც განხორციელდა.

“ვიზიტის მიზანი იყო შემესწავლა მძიმე კოვიდპაციენტების მართვა და მენეჯმენტი. შეფასების შედეგად ძალიან ბევრი დადებითი მხარეები გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ყველა სისტემაში, აქაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მედპერსონალის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი და მზაობა ცვლილებებისა და განვითარების მიმართ. მე პირადად ვთვლი, რომ საქართველოში ინტენსიურ თერაპიას საკმაოდ წარმატებული მომავალი აქვს” – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კნუტ ტაქსბომ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებისა და რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შემცირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„გასული 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კოვიდის მართვის საკითხებში, ასევე ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტები 12 ყველაზე მეტად დატვირთულ და დიდ რეანიმაციულ განყოფილებებში, ვინც მონაწილეობს კოვიდის მართვაში. ვიზიტის მიზანი იყო კლინიკური პრაქტიკის მართვის ადგილზე შეფასება, ასევე პერსონალის ტრენინგი. დღეს გაიმართა რეანიმაციის პერსონალის კიდევ ერთი, საბოლოო, შემაჯამებელი შეხვედრა ექსპერტთან ერთად, ასევე სამინისტროს წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა სადაც გავიარეთ ის ძირითადი ასპექტები, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს კლინიკურ მართვას. ექსპერტმა აღინიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც მუშაობენ კლინიკები არის შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან და ასევე პაციენტების მართვისთვის სრულად არის მობილიზებული, როგორც სამედიცინო პერსონალი ასევე ის რესურსი რაც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად. რა თქმა უნდა სამომავლოდ ტრენინგების პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა კოვიდკლინკებისთვის, იმისთის რომ კლინიკური გამოსავლები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები რეანიმაციულ განყოფილებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0