ირაკლი ღარიბაშვილი, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

22/09/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ორმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომის გამართვის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მისი ორგანიზებისთვის.
განიხილეს თბილისში ქუვეითის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ქუვეითის მხარემ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის თავმჯდომარე ქვეყნად ქუვეითის სახელმწიფოს არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას არაბულ სახელმწიფოთა ლიგასა და ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდუსტრიების განვითარებას, ასევე ექსპორტის დივერსიფიცირებას. განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ქუვეითიდან ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს ქუვეითის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა.
შეხვედრას, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროში ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0