საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია ტოლერანტობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორიით. სწორედ ამ ტრადიციის განვითარებისა და გაძლიერებისთვის 2014 წელს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით” პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს ახალი პუბლიკაცია პირველია, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას თბილისში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაციის მოქმედი, ძველი თუ ახალაშენებული საკულტო ნაგებობის შესახებ. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 7 წლიანი წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, აშკარაა სააგენტოს შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივის მართებულობა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერებისა და სასულიერო პირების ძალისხმევით მოხერხდა ალბომისთვის საჭირო ინფორმაციული თუ ფოტომასალის შეგროვება. მისი თქმით, გამოცემა უნიკალურია რადგან პირველად, მოხერხდა სრული და ამომწურავი ინფორმაციის შეკრება 2020 წლის მდგომარეობით თბილისში მოქმედი ყველა რელიგიური ორგანიზაციის მოქმედი საკულტო ნაგებობის (როგორც ძველის, ისე ახლად აშენებულის) შესახებ. ალბომში აღნუსხულია მათი ზუსტი რაოდენობა, იდენტიფიცირებულია თითოეული ტაძრის მისამართი და სახელწოდება, მოცემულია რელიგიური ნაგებობის ფოტოსურათები, აშენების თარიღი, სტატუსი – წარმოადგენს თუ არა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მითითებულია ტაძრების წინამძღვრების ვინაობა ფოტოსურათებით. ასევე, მოცემულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შესაბამისად, თბილისის რელიგიური განფენილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა
16/09/2021