ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება

30/08/2021

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაათვალიერა. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება, ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“ისტორიულ ადგილას ვდგავართ, იმერეთისა და რაჭის გზაგასაყარზე. 51 კმ=იანი იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 7 ლოტად არის დაყოფილი, საიდანაც 4 ლოტი უკვე დასრულებულია და დარჩენილ 3 ლოტზე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა უკიდურესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ როგორც ამ რეგიონების დამაკავშირებელი, არამედ რაჭისთვის და ლეჩხუმისთვის იმ დიდი პოტენციალის გამოსაყენებლად რომელიც მათ გააჩნიათ. კიდევ უფრო უსაფრთხო, კიდევ უფრო დაჩქარებული კავშირი, კიდევ უფრო მეტი ტურისტი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ რეგიონებისთვის რომ შეიქმნას დამატებითი დოვლათი და კიდევ უფრო განვითარდეს“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დარსულებულია, დაგებულია 10 კმ-მდე გზა. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0