პროგრამის ახალი მიმართულების ფარგლებში გრანტი გაიცემა სესხის 15 პროცენტის ოდენობით

02/08/2021

დაახლოებით 60-მდე დარგისთვის, რომლებსაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები – ეს არის კომბინირებული დახმარება, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამის ახალი მიმართულების ფარგლებში გრანტი გაიცემა სესხის 15 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს ნახევარი მილიონი ლარისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის. ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი საშენი მასალების, პლასტმასის, მინის, ფარმაცევტული ნაწარმის, მანქანათმშენებლობის, დანადგარების, ავტონაწილების, ტექსტილის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა და ჯამში, 60-მდე სხვადასხვა დარგი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი, განავითაროს ადგილობრივი წარმოება. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სიახლეა ისიც, რომ თუ აქამდე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ხდებოდა თანაუზრუნველყოფა, თანასუბსიდირება სხვადასხვა ბიზნესისთვის, ამიერიდან ეს გაგრძელდება სესხის მთელი პერიოდის მანძილზე, ანუ სახელმწიფო გვერდში დაუდგება ბიზნესს იმდენი ხანი, რამდენი ხნითაც ექნებათ სესხი აღებული თავისი განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის თუ პროდუქციის გამოშვებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0