სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედას მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170,000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა ქედას მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია. საწარმოში სამუშაო პროეცესის გასაცნობად, ასევე იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე.
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ქედაში ახალი საწარმო ამოქმედდა
30/07/2021