„თბილსერვის ჯგუფი“ მუნიციპალური ნარჩენის მართვის სტრატეგიის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. პროექტ „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის“ ფარგლებში, თბილისის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სცენარების ხარჯების და შემოსავლების ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. პრეზენტაციაზე, დაინტერესებული მხარეებს პროექტის ფარგლებში მომზადებული მესამე ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც განხილულია ნარჩენების მართვის შემოთავაზებული ვარიანტების ფინანსური ასპექტები.
თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის პროექტის ფარგლებში, დოქტორ ლუდვიგ შტრეფის ხელმძღვანელობით მომზადდა სამი დოკუმენტი. კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს მასში შემავალი სხვადასხვა ნაკადების პროცენტული წილი და რაოდენობა. აღნიშნული ანალიზი, შესაძლებლობას იძლევა, დედაქალაქისთვის დაითვალოს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობები, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური რაოდენობრივი მიზნები და განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, აგრეთვე, ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის პრაქტიკული შესრულებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო. მისი მიზანია, თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ აქტიური მონაწილეობით. პროექტის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს გერმანულ-ბერძნული კონსორციუმი – ICP-ENVIROPLAN, ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის (ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH) უშუალო ხელმძღვანელობით. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.
„თბილსერვის ჯგუფი“ მუნიციპალური ნარჩენის მართვის სტრატეგიის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
22/07/2021