ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა

09/07/2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ვახტანგ გომელაურმა შენობა მოადგილეებთან, შალვა ბედოიძესთან და გიორგი ბუთხუზთან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან – გიორგი ალადაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი შიოშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა. ახალი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალ შენობაში გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული: საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და კინოლოგიის სამსახური. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, გასულ წელს 16 ახალი შენობა აშენდა. მიმდინარე წელს იგეგმება პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი შენობის გახსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0