მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

04/07/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან დარგის გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ შენობაში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტრი თამარ არჩუაძე.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ტურიზმის სექტორთან. ამჯერად შეხვედრა ჩატარდა იმერეთში. გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც იმერეთის, როგორც ტურისტული მიმართულების, უკეთ პოპულარიზების მიზნით ვგეგმავთ. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრისას იმერეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს შატლ-სერვისის ამოქმედება ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს ეს მომსახურება უკვე სრულდება და მგზავრები გადაყავს როგორც ქუთაისის ცენტრის, ასევე თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობას იმერეთის რეგიონში, ასევე კომბინირებული ტურების არსებობას. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია კოპიტნარის სარკინიგზო სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამოქალაქო ავიაციის განვითარების ახალ სტრატეგიაზე,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების აღდგენის დინამიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. შეხვედრამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული აეროპორტი და გაეცნენ ახალ სერვისებს, რომელთაც მგზავრები შეძლებენ, რომ მიიღონ. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) აქვს და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0