ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა

01/07/2021

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამ გამოწვევის გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, 2012 წლიდან, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერა იმ შედეგებში აისახა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელსაც კი, ჩვენ გვქონდა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების თანმიმდევრული გაუმჯობესება, რის შედეგადაც, ორნიშნა ზრდა გვქონდა როგორც გამოშვების, დამატებითი ღირებულებების შექმნის, ისე ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობის თვალსაზრისით; ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც მომავალ წლებშიც ასეთივე ტენდენცია ექნება. ჩვენი ამოცანა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა; მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ- მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის; იმისათვის, რომ მეტი რესურსების მობილიზება შევძლოთ შემდეგი 9-10 წლის განმავლობაში, რომ ის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, გავზარდოთ და უფრო ამბიციური გეგმები, რომელსაც ჩვენ დავისახავთ განვახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების გვერდში დგომა; მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, ისინი იქნებიან მონაწილე მომავალი გეგმების შესრულებაშიც; მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ რამდენიმე მიზანს ვისახავთ – ეს არის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ჩვენი თვითუზრუნველყოფის ამაღლება; როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ის ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისთვის, გვჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური განვითარება. ჩვენ ძალიან დეტალური გეგმები მოვამზადეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით. დღეს, მზად ვართ, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები, რომლებზეც მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ დეტალურად. კონკრეტული გათვლები და სამოქმედო გეგმები, კონკრეტული დარგების თუ რეგიონების მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები სამინისტროს აქვს დამუშავებული, რომელიც აკადემიის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, დარგობრივ ჯგუფებთან ერთად უნდა განვიხილოთ სამუშაო ფორმატებში, პარლამენტის ჩართულობით და საზოგადოების ფართო მონაწილეობით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვით მიმართულებებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0