სოფლებში – ლაფანყურსა და ნაფარეულში, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა

12/06/2021

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლაფანყურსა და ნაფარეულში, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა. ღონისძიება აქციის „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ ფარგლებში მოეწყო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ განაცხადა, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზნით, დღეს ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, სადაც ტარდება აქცია – ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღონ მაღალი კვალიფიკაციური სამედიცინო დახმარება, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებისაგან. ამავე აქციის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, რომ ისარგებლონ უფასო მედიკამენტებით.მნიშვნელოვანია, რომ აქციას ექნება პერმანენტული ხასიათი და ის სხვადასხვა რეგიონებშიც გავრცელდება“, – განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა გაუწიეს.

„თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში და ნაფარეულში, მოსახლობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა მიმდინარეობს. საჭიროების შესაბამისად, მათ უფასოდ დაურიგდებათ მედიკამენტები. აღნიშნულია ქცია მთავრობის ადმინისტრაციის და მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს კონსულტაციები და გამოკვლევები სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ჩაუტარდათ. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით, მოსახლეობას მედიკამენტები უფასოდ გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0