„დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დეპუტატებთან ერთად დაესწრო. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ და დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენდა, რომელი, სწორედ ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია ეს დღე, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ ვიმყოფებით გამოფენაზე, რომელიც პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეძღვნება. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ და დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. თუნდაც ის მაგალითი რად ღირს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ და აქ უკვე დეპუტატებად იყვნენ არჩეულნი, შეიქმნა ბევრი პროგრესული დოკუმენტი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია.
„სიმბოლურია, რომ ახლა სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვართ, რადგან ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგანძურს. მე იმ თაობას წარმოვადგენ, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და მთელი სტუდენტობა გატარებული მაქვს აქ – ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნებები, რომელიც არ შეიძლება შევადაროთ ნებისმიერ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ ოთახებს. მადლობა გიორგი კეკელიძეს, რომელიც ძალიან აქტიურად უძღვება ბიბლიოთეკის საქმიანობას. ჩვენ ვისაუბრეთ და ძალიან მალე საინტერესო იდეებით, საინტერესო პროექტებით, გავახარებთ მკითხველს ახლო მომავალში. ასევე, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი დამსახურებაა ის განვითარება, ის შენაძენი, რომელიც ბიბლიოთეკას ყოველწლიურად აქვს როგორც უშუალოდ წიგნების, ისე მკითხველის სახით. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დღეს და გისურვოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.