საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-4 სხდომა გაიმართა

22/05/2021

კომისიის რიგით მე-4 სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სამოქალაქო დაზვერვის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა. კომისიის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, უნგრეთი-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა და ამასთან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა.

„ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ქართული კომპანიების მიერ მაქსიმალური გამოყენება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ქართული ექსპორტის ორციფრიანი ზრდა უნგრეთის ბაზარზე მართლაც მისასალმებელია და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2021 წლის თებერვალში, საქართველოს მიერ საჰაერო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განახლების მნიშვნელობაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას საქართველოში. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომის ოქმს. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0