ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვევა

18/05/2021

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დავიდ მარია სასოლი კარგად ხედავს საქართველოს როლს დიდ ევროპულ ოჯახში და აქვს სურვილი, გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის დახმარება პირადად გაგვიწიოს.

„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მთავარი მიზანზე, რომელთან დაკავშირებითაც მოლოდინი აქვთ და ეს არის 2024 წლის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. შევეხეთ 2021 წლის არჩევნებსაც და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ვთხოვეთ, უზრუნველყონ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტარებს ამის სურვილი აქვთ. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიიღო მოწვევა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა. იგი კარგად ხედავს ჩვენი ქვეყნის როლს დიდ ევროპულ ოჯახში, აქვს სურვილი, რომ ჩვენ გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა და დახმარება გაგვიწიოს და პირადად იყოს ჩართული“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0