იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ახლებურად წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი აქტუალურია, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაც სწორედ ამას უკავშირდება. კანონპროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან მიმართებით შეიმუშავა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების შემუშავებას და დახვეწას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო
29/03/2021