საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინითაც შესაძლებელია. პრეპარატის 29 250 ათასი დოზა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. დღეიდან მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ პირებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის საშუალება ექნებათ. „ფაიზერის“ ვაქცინა რიგის დაჯავშნის პორტალზე საღამოს 18:00 საათიდან აისახება. ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება. ფაიზერით აცრა კი 6 სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება. თბილისში ასეთი ოთხია, ესენია: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, „ კავკასიის მედიცინის ცენტრი“, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა, აჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი , ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. ისევე როგორც “ასტრაზენეკას” შემთხვევაში, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგაც, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია კი აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.
„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. „ფაიზერის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები: http://stratcom.gov.ge/s/e4b42
Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება
25/03/2021