ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე – თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ბატონ ბორელის განცხადებებს, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე. მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე – თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.