ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ბაკურიანის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარეცბის სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, სამცხე – ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ზაალიშვილთან ერთად მოინახულა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 31 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 22 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ბაკურიანში სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
20/03/2021