საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე თევდორაძე და ლევან კუპატაშვილი, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, სოფელ წკერეს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები შეინ როზენტალი და კამელ ბუჰმადიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მშენებლობის ფარგლებში სოფელ წკერეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები განიხილეს. ასევე, ამომწურავი პასუხი გაეცა მოსახლეების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას. მოსახლეობის მხრიდან იყო თხოვნა, რომ სოფელ ბენიანი-ბეგონსა და წკერეს დამაკავშირებელი ადგილობრივი გზა მოწესრიგდეს და ზამთრის პერიოდში მიმოსვლა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, რაზედაც დეპარტამენტის მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების პირობა მიიღეს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დაწყების წინ, მოხდება აფეთქებების სიმულაცია და ვიბრაციის მკაცრი მონიტორინგი. წინასწარ მოხდება ყველა შენობის დეტალური აღწერა და მარკირება. თუ რაიმე საშიშროება მაინც იარსებებს, მოხდება დროებითი განსახლება, შემდგომ კი ასეთი შენობების გამოსყიდვა ან გამაგრება. აღსანიშნავია რომ, ქვეშეთი-კობის პროექტის შესახებ, სხვადასხვა ფორმატში, მოსახლეობასთან 50-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. 9 კმ-იანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის – TBM-ის საშუალებით. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა კი გაცილებით უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
ქვეშეთი-კობის პოროექტის ფარგლებში სოფელ წკერეს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
17/03/2021