ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ. ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცეს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.
„საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც 4 ქვეყანას წარმოადგენს: ესენია-პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“-ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ განაცხადა.
პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია კოვიდ-19-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინე ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.