სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს შეხვდა

10/03/2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი შეხვდა სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს, მათივე თხოვნით. ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები დახმარებას ითხოვენ კანონმდებლებისგან გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს რამდენიმე წლის წინათ მიღებული მთავრობის დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს სახერხი საამქროების ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვას. შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ბოლო წლებში რაც აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მოხდა, არის ძალიან კარგი, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც მათი აზრით სჭირდება გარკვეული დახვეწა, ხოლო ზოგიერთი რეგულაციის მინიმუმ გადადებას ითხოვენ იმიტომ, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და, შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმება იქნებოდა უფრო უპრიანი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან – ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი – ვიმუშაოთ, რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და, შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

მეწარმეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0