დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს საზოგადოების ჩართულობით ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა იმ პეტიციის გამოძახილია, რომელიც ცოტა ხნის წინ კომიტეტში შემოვიდა. კომიტეტმა პეტიციის ავტორების მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად პეტიცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადაუგზავნა საპასუხოდ. მინისტრებმა, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა სხდომაზე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ისინი იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობას შეხვდნენ. ასევე, ისაუბრეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე.
„არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მაგრამ შემაშფოთებელია, თუკი ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარება ასეთი დიდი და მზარდი დოზით დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე. მაგალითად, ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული დენის ფასი დამოკიდებული იქნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებაზე და ენერგოპოლიტიკაზე, ანუ იმპორტული ენერგორესურსების ფასებზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვისას, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტრომომარაგებას ერთი საათის განმავლობაშიც კი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. მისი თქმით, კიდევ ერთი ალტერნატივა არსებობს – ჰიდროსადგურების ნაცვლად დამატებით დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოსადგურების აშენება, რაც 10 წელიწადში დამატებით 900 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტს მოითხოვს. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ამ თანხით გავაძლიერებთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის, ლევან დავითშვილის განცხადებით, ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა. ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს. მისი თქმით, შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა მთელი რიგი პირობების შესრულება. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ გავცელებული მოსაზრებები გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თაობაზე არასწორია და შესაბაისი არგუმენტებიც მოიყვანა. ამის შემდეგ კომიტეტების წევრებმა, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ექსპერტებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რიონის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მრავალრიცხოვანი კითხვები დაუსვეს მინისტრებს. ნათია თურნავამ და ლევან დევითაშვილმა დეტალურად ისაუბრეს ყველა დასმულ საკითხზე და უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის, როგორც ეკონომიკური და ფინანსური მოდელის უსაფრთხოებას; ინვესტორებისთვის მიწების გადაცემას; ინვესტორის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს; ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობას; ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ენერგეტიკის დარგის განვითარების მნიშვნელობას; ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან მეტ კომუნიკაციას და მეტ ინფორმირებულობას. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ სხდომის შეჯამებისას აღნიშნა, რომ მისასალმებელია საზოგადოების მხრიდან, ისეთ ინსტრუმენტებზე ლაპარაკი, როგორიცაა საზოგადოების ჩართულობა, მეტი კვლევები. ამ კუთხით პროგრესი ძალიან დიდია, მათ შორის მომიჯნავე სფეროებში, ეს იქნება ინფრასტრუქტურის ენერგეტიკული ნაწილი, თუ ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სხვა ნაწილი.
„მიხარია, რომ საზოგადოების ჩართულობა სხვა ეტაპზე გადადის, რაც იმის საწინდარია, რომ ჩვენც, ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა ეტაპზე გადავდივართ, თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩვენც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გვყავს ოჯახები, შვილები და ნამდვილად არ გვინდა, რომ რაიმე თავზე დაგვენგრეს. ამ საუკუნეში ყველაფერი აშენებადია და ყველაფერი ახდენს გავლენას გარემოზე, ეს არის შესაფასებელი, დღეს სხვა საფეხურზე ვართ და საზოგადოებას მინდა მადლობა გადავუხადო ამ აქტიურობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვექნება მომავალში წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რიონის ხეობის მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ დღეს გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმისთვის, რომ არ იყოს პასუხგაუცემელი კითხვები. „თითოეულმა ჩვენგანმა, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს ძალიან მნიშვნელოვანია ჰესები აშენდეს, ჯამში ენერგო გენერაცია გაიზარდოს ქვეყანაში, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები მზად არიან პროცესები იყოს გახსნილი და საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა დღევანდელი სხდომის დასასრულს.