ბაკურიანში სკი ქროსის და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები წარმატებით დასრულდა. გასული 2 კვირის განმავლობაში, ბაკურიანმა ოთხ “A” კლასის შეჯიბრს უმასპინძლა. ჩემპიონატის ეტაპები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. მსოფლიო თასის ეტაპები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა. ამით საქართველომ შეძლო, მსოფლიო და რეგიონალურ დონეზე, საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც ქვეყნის, რომელსაც შეუძლია მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრების უსაფრთხო ორგანიზება, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ამასთან, ბაკურიანში, რეკორდულად მოკლე დროში, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჩემპიონატის ფარგლებში, ბაკურიანს 200-მდე სპორტსმენი და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატი ეწვია. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრნენ და საორგანიზაო პროცესებში მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორმა კლაუს ვალდნერმა და სნოუბორდის მიმართულების დირექტორმა უვე ბაიერმა. ტურნირების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრები აქტიურად შუქდებოდა საერთაშორისო მედიაში. ტურნირები გადაიცემოდა იტალიურ-შვეიცარული მედია კომპანიის, Infront-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Eurosport-ის საერთაშორისო არხზე. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მაღალი დონის შეჯიბრების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ბაკურიანის, როგორც მაღალი დონის სამთო – სათხილამურო ცენტრის პოპულარიზებას როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სამთო სპორტსმენებს შორის. ბაკურიანი გახდება სამთო სპორტის აღიარებული ცენტრი არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას არა მხოლოდ უშუალოდ ბაკურიანში, არამედ ქვეყნის სხვა ზამთრის კურორტებზეც. ცნობისთვის, 2018 წლის მაისში, საბერძნეთში, კურორტ კოსტანავარინოზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 2023 წელს FIS-ის ეგიდით ბაკურიანში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელსაც ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ხვდა წილად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დიდ მადლობას უხდის მთის კურორტების განვითარების კომპანიას ჩემპიონატის წარმატებით ორგანიზებისთვის.
ბაკურიანში სკი ქროსის და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები წარმატებით დასრულდა
08/03/2021