ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და სარწყავი სისტემა, განახლდება გარე განათების ქსელი. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2,4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
„ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვა და ამ უბანს სულ სხვა იერს შესძენს. ასევე მინდა აღვნიშნო სხვა მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რაც რუსთაველებისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ერთი ასეთი პროექტი წელს ზაფხულში დავასრულეთ და ამით ათწლეულების პრობლემა გადაწყდა. დიდი ხნის განმავლობაში ქალაქისთვის გამოწვევად რჩებოდა იალღუჯას მთიდად წამოსული ღვარცოფული ნაკადები, რაც ზიანს აყენებდა მოსახლეობას და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. ეს საკითხი სრულად მოგვარდა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტის შერჩევა-შეფასება. ეს არის მულტიფუნქციური სპორტ-კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება და დარწმუნებული ვარ რუსთავში ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრების საყვარელი ადგილი გახდება,“- აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.