არსებობს მაშინდელი შედგენილი დოკუმენტი და არსებობს დაინიცირებული დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც იმ დროს ოპოზიციამ დააყენა

04/03/2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს – „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა, მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყვნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები.
როგორც სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფაქტობრივად, ყველა პროცედურულ საკითხზე აბსოლუტური თანხვედრაა.

„შემიძლია გითხრათ, რომ, ფაქტობრივად, ყველა პროცედურულ საკითხზე, რაც ეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციულ რესურსს, ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელსაც შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ, გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. არის ცალკეული განსხვავებული მოსაზრებები, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით – პროპორციულ და მაჟორიტარულ საკითხზე და ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილზე. ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ პარტიულ ნაწილში საკუთარი წევრის დანიშვნის უფლება ექნებათ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ და ამასთან დაკავშირებით გამოითქვა კრიტიკული მოსაზრება. ეს გასაგებიცაა, რადგან ორივე ეს საკითხი გარდა სამართლებრივისა ასევე არის პოლიტიკური და ამის გადაწყვეტას სხვა ფორმატი სჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა მთლიანობაში ასახავს ფასილიტატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ მიღწეულ შედეგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„არსებობს მაშინდელი შედგენილი დოკუმენტი და არსებობს დაინიცირებული დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც იმ დროს ოპოზიციამ დააყენა, და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტი მუხლია ახლა დოკუმენტში შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს რეალურად აუმჯობესებს.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და კონკრეტული შედეგი დავდეთ. ეს პროცესი გრძელდება, რადგან მალე დაიწყება საკომიტეტო განხილვები და ჩვენ დაახლოებით ორთვიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი კანონად იქცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა ჩართული იყოს, მათ შორის, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ინტერესი ისე არ არის გათვალისწინებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მათ თვითონ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და თქვან მაშინ რა უნდათ და რა არ არის გათვალისწინებული, ამისთვის კი საჭიროა მონაწილეობა მიიღონ განხილვებში“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0