დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრსა და თბილისის მერთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას.
“ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით არის ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის გაერთიანება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.