კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას განხილვის ფორმატში ნდობა გამოუცხადეს

20/02/2021

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” განხილვა გაიმართა. სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმინეს. მან გამოსვლისას ისაუბრა ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც არსებობს, მით უფრო, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„სამთავრობო პროგრამა ეფუძნება ევროპული ქვეყნის მშენებლობას და მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს მოითხოვს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ კონსოლიდაციას, იმისთვის, რომ ჩვენი ეს ამბიციური განაცხადი იყოს შედეგიანი და ჩვენ შევძლოთ 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთება. გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც შექმნილია საქართელოს გარშემო მოითხოვს, ასევე, ძალიან სერიოზულ კონცენტარიას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რაც არის მიმართული ჩვენი სახელმწიფო ინსტიუტუტების მდგრადობისთვის, რათა ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს იყოს შედეგიანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ღირსეული ადგილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მომხსენებელმა ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუცია აღნიშნა და განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელიც იყო აღქმული უაღრესად პოზიტიურად. დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ყველა მიმართულებაზე, გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე, პარტნიორებთან ურთიერთობების და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებული საფრთხეების განეიტრალების და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე. მისი განცხადებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დეოკუპაციის საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი აქცენტირება საერთაშორისო პარტნიორებთან.

„სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მოვახერხეთ ის, რომ მაღალი ტრიბუნიდან, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მუდმივად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე აქცენტირება“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

სამთავრობო პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიზნით, მისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის უზრუნველყოფა. მომხსენებლის განმარტებით, კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის და რაც ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„ოკუპირებული ხაზის მიღმა მყოფ ჩვენს დებს და ძმებს ვთავაზობთ იმ სიკეთეების გაზიარებას, რა სიკეთეებიც მოაქვს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოიყენონ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, ვთავაზობთ მიიღონ განათლება ევროპის, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში და კოლეჯებში. ჩვენ გვსურს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ არა იმ ფუნდამენტური საკითხების ხარჯზე, რაც დაკავშირებულია 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, ქვეყანაში, რომელიც არის დაფუძნებული ეროვნული უმცირესობის უფლებების პატივისცემის პრინციპებზე, ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. მათ უნდა დავანახოთ შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. მათი მომავალი ჩვენს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სამთავრობო პროგრამით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის კომპონენტს. მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) ფარგლებში ახალი შესაძლებლობების გამონახვასა და მათ ეფექტიან განხორციელებაზე. დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვან სამოქმედო არეალს წარმოადგენს ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება. ყველა აღნიშნული აქტივობა ისევე, როგორც ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება, მთავარ ამბიციურ მიზანს − 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასა და შემდგომში კავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფას ემსახურება. სამთავრობო პროგრამის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ასპექტს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება, შესაბამისად, განხორციელდება შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინიცირება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან. პროგრამის თანახმად, არსებულ გარემოში საქართველოსთვის პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფო ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანასა და ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას უზრუნველყოფს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მინისტრობის კანდიდატმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, დელიკატური, სენსიტიური საკითხების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
როგორც კოვიდპანდემიაზე საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი შედეგი საქართველოს ამ მიმართულებით უახლოეს დღეებში ექნება, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ არის დიდი შესაძლებლობა, საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა და როგორც კი ეს დადასტურდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყნას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დიასპორასთან ურთიერთობა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. პროგრამის თანახმად, მნიშვნელოვანი იქნება, დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვისა და დიასპორული ინიციატივების წახალისების მიზნით, სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა და პროექტების გაგრძელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკვე დანერგილი პროექტების განხორციელებას, ასევე გაგრძელდება ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთათვის ახალი კულტურული და საგანმანათლებლო კერების დაფუძნებისა და განვითარების მიზნით. მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც კენჭისყრის შედეგად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0