საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა შედგა. ირაკლი კოვზანაძემ სხდომის დასაწყისში იმედი გამოთქვა, რომ სხდომაზე დეტალური და საგნობრივი განხილვა შედგებოდა. მისი თქმით, მართალია მინისტრთა კაბინეტი გარკვეულწილად განახლებულია, მაგრამ სამთავრობო პროგრამა, რომელიც ამ ორიოდე თვის წინ პარლამენტმა არსობრივად უკვე განიხილა, ძირითადად უცვლელია და იგი ორიენტირებულია ეკონომიკის აღდგენაზე.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 2021 წელი, ვფიქრობ, რთული და გამოწვევებით აღსავსე იქნება, ვინაიდან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა. ვფიქრობ, ქვეყნის წინაშე ასევე არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, წინა ხაზზეა წამოწეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ამ პრობლემების დაძლევას ელოდება ჩვენგან საქართველოს მოსახლეობა. ამ პრობლემების გამკლავებისკენ უნდა იყოს მოწოდებული თითოეული ნაბიჯი და სიტყვა, რასაც დღეს მოვისმენთ. საქართველოს მოსახლეობა ასევე ელოდება პოლიტიკურ სტაბილურობას – ეს არის მთავარი. ამ პრობლემების წინაშე ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული და, ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, თითოეული კითხვა და პასუხიც მინისტრობის კანდიდატებისგან უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხებს, ამ პრობლემების მოგვარებას. მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ეს ის პრობლემებია, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, რათა დავძლიოთ პანდემია და ეკონომიკურ ზრდას დავადგეთ. ეს არის მთავარი ამოცანები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს. მინისტრობის კანდიდატებმა თავიანთი საკურატორო სფეროს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, კანონმდებლებს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. მათი შეფასებით, პანდემიიდან გამომდინარე, გლობალური გამოწვევების ფონზე, გასული წელი იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ეს თავიდან იყო განსაზღვრული, თუმცა ნეგატიური შედეგების მიუხედავად, გარკვეული პოზიტიური ნიშნებიც იყო, რაც ქვეყანას მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეუნარჩუნებს და ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი.
„2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, ეს არის საერთაშორისო დონორების შეფასება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა: „2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, 2020 წელს ადგილობრივი წარმოების ექსპორტში, რეექსპორტის გამოკლებით, დაფიქსირდა აბსოლუტური ზრდა – 3, 5 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საექსპორტო წარმოება, მიუხედავად პანდემიისა, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა და ახალი ბაზრებიც მოიპოვა. ასევე დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში. სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა უფრო აქტიურ და მეტად აგრესიულ პრივატიზაციის სტრატეგიაზე, ტურიზმის აღორძინებისთვის დაგეგმილ აქტივობაზე, ასევე წიაღის რეფორმაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით ხორციელდება.
„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეს წარმოადგენს, მადლობა გადაუხადა წინამორბედ მაია ცქიტიშვილს წლების განმავლობაში განხორციელებული საქმეებისთვის და ახალი წამოწყებებისთვის და განაცხადა, რომ სამინისტრო გააგრძელებს დაწყებულ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მან ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური გზების პროექტებზე და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე და განაცხადა, რომ სამინისტროსთვის გზებთან ერთად უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება წყალმომარაგება და წყალარინება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, მხოლოდ 2019-2020 წლებში, 500 მილიონი ლარის მობილიზებისა და ინვესტირების შედეგად, წყლის სისტემები 360 ათას ბენეფიციარს გაუუმჯობესდა და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ჭიათურასა და ზუგდიდში, პირველად ამ ქალაქების ისტორიაში, უკვე 24-საათიანი წყალმომარაგება ხორციელდება. ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2021 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებში, 349 მლნ. ლარის ინვესტირების შედეგად, 150 დასახლებულ პუნქტში 220 ათასი ადამიანს პირველად ექნება ცენტრალიზებული წყალმომარაგება.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, როგორც გზების, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით, კიდევ არის მრავალი პროექტი, რომლებზეც ბუნებრივია, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია და დღეს სამინისტროში მუშაობენ იმაზე, როგორ განახორციელონ პროექტები მომავალში.
„დეცენტრალიზაციას, რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ევროკავშირში შესვლის გზაზე მნიშნელოვანი კომპონენტია, ასევე ინტენსიურად ვავითარებთ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ უშუალოდ, ადგილობრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, 2020 წელს გადამზადდა მუნიციპალიტეტების 2000 თანამშრომელი.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2021 წელს გაგრძელდება ასევე რეგიონული ფონდის დაფინანსება და სოფლის პროგრამის განხორციელება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამთავრობო პროგრამის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იგეგმება.
„გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში არაერთი რეფორმა გატარდა, მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება და 2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 288 539 ჰექტარით. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა – კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს გამოუყო 33 მილიონი ევრო. ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ახალი ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დამტკიცდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022 წლებისთვის – ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას და ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა. ასევე, ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით მიღებულია ახალი რეგულაციები. მსურს აღვნიშნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ ძირითადი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებსაც ახორციელებს და გეგმავს სამინისტრო. მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში კანონმდებლობა ფაქტობრივად სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამჟამად რეფორმები ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეობს. მისივე თქმით, დაგეგმილია საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები. ფისკალურ რისკებსა და ვალის მართვაზე საუბრისას კი, აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დამტკიცდება ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის ძირითადი გამოწვევა მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში საგარეო ვალის შემცირებაა. მისივე თქმით, აუცილებელია 2022 წლიდან საგარეო ვალის და შესაბამისად, დეფიციტის შემცირება დაიწყოს.
„მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4 %-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდ ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება 2021 წელსაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშნულ წლებში ჩვენი ძირითადი გამოწვევაა მთავრობის ვალის შემცირება, რომელიც პანდემიის ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 60%-იან ზღვარს გასცდა. ვალის შემცირების პარალელურად დეფიციტიც ყოველწლიურად უნდა მცირდებოდეს. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს. მაგრამ მნიშვნელოვანია ეს არ მოხდეს ისეთი ეკონომიკური ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი აღმავლობა გვქონდეს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მას შემდეგ, რაც მინისტრობის კანდიდატებმა სამთავრობო პროგრამა და ხედვები წარმოადგინეს, უპასუხეს კომიტეტების წევრების კითხვებს. კენჭისყრის შედეგად, ხუთივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას და მინისტრობის კანდიდატებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.