პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი. ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ – მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.