“Fitch”-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი

13/02/2021

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა, პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა და სირთულეებისა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მთავრობის მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, ბიზნესის გარემოს მიმზიდველობის ხარისხი და მიუხედავად პანდემიისა, უცვლელი დატოვონ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა, რაც გასაგებია გლობალური პანდემიის ფონზე. თუმცა, საქართველო ამ თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა. მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს დიდი სანდოობის ხარისხს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ და ეკონომიკა დადებითად განვითარდება. ნათია თურნავას განმარტებით ეს პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რათა განავითარონ თავისი ბიზნესი, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

„ეს არის შედეგი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ეს არის შედეგი იმ ნდობის ხარისხისა, რასაც ჩვენს მიმართ ავლენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძოდ, სავალუტო ფონდი და ეს ცალკეა აღნიშნული ამ ანგარიშში“, – აღნიშნა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0