ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

12/02/2021

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მიზნად ისახავს კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. გეგმაში ასახულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები.

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვემუშავა წარმოდგენილ დოკუმენტზე და დეტალურად გაგვევლო ყველა ის მიმართულება, რაც ასახულია 2021 წლის სამოქმედო გეგმაში. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გაკეთებისთვის ქვეყნის 2024 წლისთვის მომზადება, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებას. იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები, წელსაც, ბუნებრივია, ჩვენს მუშაობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც დღის წესრიგით უწევს საქართველოს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომის თავმჯდომარის თქმით, სამოქმედო გეგმაში ასახულია ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. ასევე, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, კომიტეტი აქტიურად შეასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.

„სამოქმედო გეგმაში გაწერილია საჯარო მოსმენები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით და გვექნება შესაძლებლობა, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ სხვადასხვა მიმართულებებით, რა პროგრესი გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კუთხით და როგორ წარვმართავთ 2024 წლამდე ჩვენს მუშაობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღესვე, კომიტეტმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. სხდომის თავმჯდომარემ, 2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიში მიმოიხილა.

„ეს არის რიგით მეხუთე ანგარიში, რომლის თანახმად, კოვიდ 19-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მიისწრაფვოდა ევროინტეგრაციისკენ. ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ანგარიში რეალურად ასახავს ყველა მიმართულებით პროგრესს. დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2020 წელს. დოკუმენტში ასევე, ასახული არის რეკომენდაციები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, გეგმავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თემატური მოკვლევის ინიცირებას.

„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ის ძირითადი მიმართულება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ დღეს საქართველოს აქვს წვდომა ევროკავშირის ბაზარზე ვფიქრობ, უფრო კარგად უნდა აისახოს თითოეული იმ ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც ჩართულია სოფლის მეუორნეობის სფეროში. იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ფერმერები, კარგი იქნება ჩვენი კომიტეტი ჩართვა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად თემატურ მოკვლევაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0