რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და კომიტეტის წევრები გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტის წევრებთან ძირითადად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე შეჯერდნენ. UNDP-ის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს გააცნეს ინფორმაცია უკვე შესრულებული აქტივობების შესახებ, რომლებიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს, ინფორმაცია მიაწოდეს ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.
სოზარ სუბარის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ UNDP ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და კარგი იქნება თუ ეს თანამშრომლობა ტრადიციულ პარტნიორთან კვლავაც ისევე ნაყოფიერად გაგრძელდება, როგორც ეს დღემდე იყო.
„UNDP ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ჩვენი კომიტეტის და, ზოგადად, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. პირადად ჩემთვის პიროვნულად, როცა ვიყავი სახალხო დამცველი, ეს ორგანიზაცია იყო მართლაც მთავარი პარტნიორი უამრავი კუთხით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი იყო რეგიონული ოფისების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო კუთხით ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, წიგნების თარგმნა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე კარგი გამოცდილება აქვს ჩვენს კომიტეტს ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის და, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით – იქნება ეს რეგიონების განვითარების კუთხით შესაბამისი სტრატეგიების შექმნა, ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობების თანამშრომლების დატრენინგება თუ სხვა და ამაში კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის სამინისტროსთან და დონორებთან, მათ შორის, UNDP-თან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება საკანონმდებლო წინადადებების ერთობლივად მომზადება იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე დაუგროვდა ის იდეები, რომლებმაც შეიძლება სწორედ იმ საკანონმდებლო წინადადებებში ჰპოვოს ასახვა, რომლებიც აგრერიგად საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა არის მაგალითი ყველაზე კარგი თანამშრომლობის ტრადიციისა და თუ ორგანიზაციის მხრიდან ამის სურვილი არ იქნებოდა, ბუნებრივია, თანამშრომლობა ვერ შედგებოდა.
„ამ ტრადიციის გაგრძელებაში კომიტეტის აპარატს, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება კომიტეტს. სიამოვნებით მსურს აღვნიშნო, რომ კომიტეტში დღეს მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გამოცდილება რეგიონალურ ჭრილში საქმიანობის, მათ შორის არიან ყოფილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რეგიონის გუბერნატორი. ეს იმის საწინდარია, რომ კომიტეტი უკეთესად გააგრძელებს თანამშრომლობის ტრადიციებს“, – განაცხადა კომიტეტის აპარატის უფროსმა სულიკო ბეჟანიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრი ნინო ლაცაბიძე, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და გამოთქვეს სრული მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის.