კოტე ანანიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა

10/02/2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, მათ შორის რეგიონის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის გზებზე. კონსტანტინე ანანიაშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობას, რაც არსებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

„შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმები და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და სოციალური მიმართულება“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა. დავით ნოზაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს და ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადაში გადასაჭრელად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სოციალური პრობლემების გადაჭრა, მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესება, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ტურისტული პოტენციალის მეტ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებას. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც დიდ ყურადღებას დავუთმობთ, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა. მადლობას ვუხდი მხარის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კერესელიძეს და კონსტანტინე ანანიაშვილს გვერდში დგომისთვის და მჯერა, ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობით და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აღნიშნულ გამოწვევებს დავამარცხებთ,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეხვედრას დუშეთის, ახალგორის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავჯდომარეები ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელწმიფო რწმუნებულის მოადგილეები და მხარის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ. ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა წინამორბედმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ.

„ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, რასაც ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარება ჰქვია. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ახალ რწმუნებულთან ერთად რეგიონის განვითარებაში და მჯერა, ერთობლივი მუშაობით ძალიან ბევრ პრობლემას გადავჭრით რეგიონის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული – დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0