ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ

10/02/2021

ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა და რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც ტყეზე ზემოქმედების შემცირებასთან, მათ შორის, ტყის კოდექსის ახალ მიმართულებასთან – სოციალური ჭრების ახალ ფორმატთან არის დაკავშირებული. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ტყის კოდექსის ეფექტიანად ამოქმედებისათვის და რომელთა შორისაა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი.

„ვისაუბრეთ ასევე ფიტოსანიტარიის გამოწვევებთან დაკავშირებით როგორც ქალაქებში, ასევე ზოგადად სატყეო უბნებში. ხაზგასმით აღინიშნა იმის აუცილებლობაც, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია იყოს მუნიციპალიტეტებსა და ტყის მართვის ორგანოს შორის. ყურადღება გამახვილდა ტყის მართვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0