სამართლებრივ სტრატეგიას ამყარებდა მტკიცებულებათა ერთობლიობა

08/02/2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ დავას 2008 წლის მოვლენებთან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის. შესაბამისად, ჩვენი მიზანი და სურვილი არის, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. იყოს სიღრმისეული დისკუსია თითოეული საკითხის ირგვლივ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოებისთვის იყოს ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ის დიდი უპირატესობა, რაც საქართველომ შეიძინა ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შესაბამისად რომ იქნეს რეალიზებული და ამისთვის ჩვენი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა იქნება საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის ბედი წყდება არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ არსებობს ისეთი ფორმატები და მექანიზმები, რომელიც ბრძოლის ველს მიღმა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ავიღოთ უპირატესობა და მივაღწიოთ საქართველოს სანუკვარ მიზანს, რაც გამოიხატება საქართველოს დეოკუპაციასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა საჯარო მოხელეებმა გადადგეს ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს პოზიციებს დეოკუპაციისა და ქვეყნის გამთლიანების პროცესში და წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს როგორც ქართული დიპლომატიის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხელში,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება იყო უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე მისი პოზიციების განსამტკიცებლად, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე პოზიციების განსამტკიცებლად და, ზოგადად, საერთაშორისო სამართლებრივიც, კიდევ ერთხელ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგეს არასდროს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე.

„ამ გადაწყვეტილებას აქვს საერთაშორისო რეზონანსი და აქვს ის იურიდიული დატვირთვა და მნიშვნელობა, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უპრეცედენტოა სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე ჩვენი მხრიდან წარმართული პროცესის მნიშვნელობა და 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები. მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი.

„ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს პოლიტიკურთან ერთად ახლა უკვე მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მან მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად კითხვაზე: რას მიაღწია და როგორ მიაღწია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

„მივაღწიეთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ, 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, დაადასტურა:

1. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.
2. საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია – საქართველოს რეგიონების. მაშასადამე, რუსეთის მიერ დღემდე ხორციელდება ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი.
3. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც დღემდე გრძელდება. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იყენებს ტერმინს „ეთნიკური წმენდა“.
4. რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე-ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით. ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში მას შეერაცხება პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განავითარა დამკვიდრებული პრაქტიკა და ეფექტურ კონტროლს პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“.
5. სასამართლოს სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და ომის შემდეგ.
6. ჩვენ მიერ მოთხოვნილი კონვენციის 8 მუხლიდან სასამართლომ ერთადერთი – განათლების უფლების დარღვევა არ დაადგინა, რომელიც საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წელს შეტანილი ახალი, სახელმწიფოთა შორის დავის საგანია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დამატებით დაადგინა რუსეთის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას.
7. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ფაქტიურად ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (რაც განსაზღვრულია მე-4 ოქმის მე-2 მუხლით) დარღვევა დღემდე გრძელდება. რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე.
8. სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან დარღვევა დააგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.
9. სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე 8-დან 12 აგვისტომდე, რისი გამოძიების ვალდებულება მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად. უფრო მეტიც – სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი იურისდიქციის ფარგლებში, ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად აქცევს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როგორ მიაღწია საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას.

„სამართლებრივი სტრატეგია ეფუძნებოდა იურისდიქციისა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას და, რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების განგრძობადობის დასაბუთებას. შედეგად მივიღეთ ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და რუსეთის მხრიდან დარღვევები დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ მისეული დეფინიცია არ ეყრდნობა მაინცდამაინც აქტების რაოდენობრივ მახასიათებელს; ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ სტრასბურგის სასამართლო პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, რასაც წარმოადგენდა ევროპის საბჭოს ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტისას მომხდარი დარღვევების განსჯა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თვალსაზრისით. შესაბამისად, სამართლებრივი სტრატეგია აგებული იყო იმგვარად, რომ გარკვეული გაგებით სასამართლო მაქსიმალურად შეგვებოჭა განხილვის პროცესში ისე, რომ მას ემსჯელა ომის საქმეზე. ამას ემსახურებოდა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 23 მაისს, სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე გამართული საბოლოო მოსმენიდან 3 თვეში, ახალი სახელმწიფოთაშორისი დავა დავიწყეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2008 წლის ომის შედეგებს – განგრძობად ადმინისტრაციულ პრაქტიკას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდასა და დევნილების დაბრუნებაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ოკუპაციის“ ცნების დამკვიდრების თვალსაზრისით, ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ – სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკაში პირველად მოხდა, როცა პოლიტიკური და სამართლებრივი გაგება ერთმანეთს შეერწყა და სასამართლომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე მყარად იმსჯელა ოკუპაციის, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, შესახებ. „ოკუპაცია“ გახდა „ეფექტური კონტროლის“ ტოლფარდი და, შესაბამისად, იურისდიქციისა და შემდგომ მხარე-სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის შერაცხვის საფუძველი; ეთნიკური წმენდის თვალსაზრისით, შევისწავლეთ და პოზიციებში გავითვალისწინეთ 1994 წლის ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტის დასკვნები, აფხაზეთში საქართველოს კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ და, რაც მთავარია, აფხაზეთში საქართველოს ეთნიკური წმენდის შესახებ 1996 წელს გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელებული ანგარიში. სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვრის გადაწყვეტილებაში კონვენციის ცალკეული მუხლის დარღვევების ქართველების ეთნიკურ წმენდად კვალიფიკაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ ვამტკიცოთ შემდეგი – საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოს გაუჩნდა სამართლებრივი ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით შექმნილი ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იგივე ეხება დევნილების დაბრუნების უფლებასაც. სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და საინტერესოა ის, რომ ამ საკითხის კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს, როდესაც თავიდანვე ვცდილობდით პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებში პროცესების სინქრონიზება-კოორდინირებას. ამ სამართლებრივ სტრატეგიას ამყარებდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ჩვენ, კოლეგა უწყებებთან ერთად, მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მოხსენების შემდეგ, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა. დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს თითოეულ უწყებას, რომელთა ძალიხსმევითაც შესაძლებელი გახდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0