გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია

03/02/2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, შესაძლო კითხვას დამატებით გაიცემოდა სამართლებრივი, არგუმენტებით გამყარებული პასუხი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

მისივე თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორის, ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

„პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც ერთ პროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე.

„თუმცა, სამივე შემთხვევაში მივიღეთ უარი და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე შეტევის, შეურაცხყოფის კამპანია და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ. ფაქტია, რომ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას ამოძრავებს სხვა მიზნები დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის რევიზიას ცდილობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივცეთ საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავად დაამტკიცოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივა კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში.

„ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით ამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავად დაანებონ თავი პროპაგანდას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0