საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორთან. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ემზადება 2024 წელს ამბიციური განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და ამ გზაზე საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა სახელმწიფო სექტორში 1.48 მილიარდი ევროს, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორში ერთად, ჯამში, 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა გზები, ენერგია, წყალი და სხვა. საუბარი შეეხო EIB-ის ხელშეწყობით საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განახლებას, რაც მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია-გაფართოებას, ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის 14.1 კმ-იანი ახალი მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული მისასვლელი გზების მშენებლობას მოიცავს. აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობით, EIB-ი მხარს უჭერს მცირე, ინოვაციურ ბიზნესს, InnovFin ხელშეკრულებისა და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მეშვეობით. შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა EIB-ის პროგრამა მიკრომეწარმეებისთვის, ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრებთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის განვითარებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
02/02/2021