მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა

20/01/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის 2021 წლის პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტებს შორის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ასევე, იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით.

„დაიწყო ახალი სამუშაო წელი და რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, უნდა გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ. 2020 იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით. მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის წინაშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით უხილავ მტერს – Covid-19-ს. პანდემიის გამო, 2020 წელს ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, პროექტების გადავადება მოგვიწია სხვა პრიორიტეტების გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პრიორიტეტი ასევე, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მხარდაჭერაა, რისთვისაც 350 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დაახლოებით, 440 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება. იცით, რომ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ეს იქნება მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. გასულ წელს ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელა, მათ შორის, სკვერებისა და პარკების განახლება-რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ უკვე საპარკე კულტურა შემოვიდა ქალაქში. ჩვენ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში ყველა თაობის ადამიანი მიდის – ზოგი ვარჯიშობს, ზოგი სეირნობს, ზოგი შვილებს და შვილიშვილებს ასეირნებს. შესაბამისად, გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ ასეთი სივრცეები კიდევ შევქმნათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, გასული წლის ბიუჯეტი თბილისის მერიამ 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა.

„რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს, თბილისის მერიამ ბიუჯეტი 96%-ზე მეტი ოდენობით შეასრულა. 440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. განსაზღვრული გვქონდა, რომ 500 მილიონზე მეტი დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. 320 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ მათგანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ბევრი სიცოცხლე გადავრჩინეთ, შეჭირვებულ ოჯახებს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ. ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცვლად დაგეგმილი მილიარდ 100 მილიონი ლარისა, ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარი იქნება.

„საუბარი იყო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 100 მლნ ლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად, გადაჭარბებით არის შესრულებული და ამის გამო, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება 1 მლრდ 150 მლნ ლარამდე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ იმ მოქალაქეებს მიმართა, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში, ზონის სტატუსი გაუუარესდა. მისი თქმით, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.

„2019 წელს მივიღეთ გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელიც გენგეგმაზე მუშაობდა, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების გეგმა ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც მანამდე სხვა ზონა ჰქონდა, ანუ მესაკუთრეს 2019 წლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა ახალი გენგეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქის პრიორიტეტებიდან გამოვიდა, ზონა შეიცვალა – თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, მოხდა ზონის ცვლილება და ზოგიერთ ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, ზოგს – ლანდშაფტური, ზოგს სატყეო და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრეების ინტერესებს, ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ეს ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად განვითარდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა.

„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – კოეფიციენტის გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ. ამიტომ, დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, ვისაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე – აუცილებლად უნდა მომართონ თბილისის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით. პირველი, ურბანული სამსახური, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს – რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება. შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. ამიტომ, იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
მისი თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

„დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა. ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება. იგი იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომელსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით ათავსებენ.

„ამ ეტაპზე, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე) საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად – ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ „თბილისის ტაქსის“ მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება.

„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან „თბილისის ტაქსის“ მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ. თბილისის მერი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ეს ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, მერიას, მერს, რომ თურმე საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ. საუბარი იყო იმაზე, თითქოს, დასასვენებელ სკამებში ჩავდგით სანაგვე ურნები, რომელიც ფოტოებზე გადავსებული იყო. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიცრუეა. მინდა, რეალობა ვუთხრა საზოგადოებას: ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ძალიან კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები უკვე დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, პანდემიის პირობებში რესტორნები გაიხსნას. აღნიშნულმა ორმა ახალგაზრდამ ეს მოსასვენებელი სკამები განათავსა, რომლებზეც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ორ მოქალაქეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ რაც ჭავჭავაძეზე გააკეთეს? ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა, ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები და სუნი? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ აღარ ვსაუბრობთ. მაგრამ თქვენ – მხედველობაში მყავს ის ოპონენტები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა – ნგრევად, კარგი გაკეთებული საქმეები – ცუდად, დახმარება – არდახმარებად და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და მოატყუოთ. მე ამ ორ ახალგაზრდას საერთოდ არ ვიცნობ. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი პროექტი გააკეთეს. ეს არის დასასველებელი სკამები, სადაც დამონტაჟებულია ხე-მცენარეების ჩასარგავი ქოთნები, რომლებიც მართლაც ძალიან ლამაზია. ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ განცხადებაც გააკეთა, რომ ეს მათი ინიციატივით იყო და ოჯახური პრობლემების გამო, რომელიც ტრაგედიას უკავშირდება, ვერ მოასწრეს დასრულება. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ხედავს, ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ, მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ დღეიდან, დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება. კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალსიწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, მათზე მაქსიმალურადაა მორგებული. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი. ამ მიმართულებით, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. როგორც იცით, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული. ამიტომ, დღეიდან, დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომაზე ჟესტური ენის თარჯიმანი გვეყოლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თარჯიმნის საშუალებით, დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას თანაბრად და ოპერატიულად მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0