სამეგრელოში ხანძრის 28 კერა ლიკვიდირებულია

05/01/2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი მუშაობის შედეგად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური, მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და 2 ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90 კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0