„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში

05/01/2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიის 5 იანვრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვით დაიწყო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განსახილველად წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტები: „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ლომიას ადგილმონაცვლის ფრიდონ ინჯიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლის დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კომიტეტმა იმსჯელა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ მასალებზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ლევან მგალობლიშვილის, გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. შედეგად, პარლამენტმა კენჭი უყარა და ცნო პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილება, ასევე „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის უფლებამოსილება, რომლებიც პარლამენტის გამოკლებული წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისად, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ პლენარულ სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში.
შემდეგ პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა და II მოსმენით – მუხლობრივად განიხილა:
კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელიც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის ახალ რეგულაციებს. კერძოდ, 2021 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების მიერ მომსახურების გაწევა არ განიმარტება ეკონომიკურ საქმიანობად და სააგენტო არ წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელს. ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ კანონებში, სადაც ხდება კონკრეტული საფასურის დეფინიციის დაზუსტება და შესაბამისი რეგულაციებიდან ხდება დამატებული ღირებულების გადასახადზე მითითების ამოღება.
კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას ინიციატივა ბექა დავითულიანმა წარადგინა.
კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა. როგორც მომხსენებელმა ბექა დავითულიანმა აღნიშნა, კანონპროექტში აისახა საკომიტეტო განხილვისას გამოთქმული შენიშვნები.
კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მთავრობის ინიციატივით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა, პროექტით ხდება ვადის გადაწევა კონკრეტული ვალდებულებებისათვის.
კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბექა ლილუაშვილის, გოჩა ენუქიძის, მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით ხდება კონკრეტული სახის საგადასახადო შეღავათის დაწესება ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის.
პარლამენტმა წინა სხდომაზე და დღეს განხილულ კანონპროექტებს, რომლებსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იხილავს, კენჭი უყარა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს რამდენიმე კომიტეტის სხდომა შედგა, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომის ახალი დღის წესრიგი განსაზღვრა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განახლებული დღის წესრიგის შესაბამისად გააგრძელა.
პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტები:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტი პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის ინიციატივას წარმოადგენს და იგი თავად ინიციატორმა გამოიტანა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ, მუშაობა რეალურად იმ მიმართულებით წარიმართა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ის სფეროები, რაც შესაძლებლობას მისცემდა კანონპროექტის ინიციატორებს გაეფართოებინათ იმ პირთა წრე, რომელსაც მოიცავდა, ერთი მხრივ, ამნისტია და, მეორე მხრივ, ბუნებრივია, შენარჩუნდებოდა ის ბალანსი, რაც გულისხმობს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას იმისთვის, რომ შესაბამისად ეს მძიმე ტვირთი არ გამხდარიყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის და საზოგადოებისთვის, ზოგადად.

„ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება- განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონმდებლებმა კანონპროექტი მუხლობრივად, დეტალურად განიხილეს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში.

კანონმდებლებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილების პროექტს „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა და კოლეგებს გააცნო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0