რიგგარეშე სესიის ფორმატში მოწვეულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ X მოწვევის პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესს და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტზე მომუშავე კომიტეტების წევრებს მისი მომზადებისთვის, მადლობა გადაუხადა.
„ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა და უმრავლესობამ მიიღო, ეს არის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების შესახებ რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი რჩება ერთგული საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მიმართ. ჩვენ ასევე დავამტკიცეთ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც ასახავს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს – პირველი, ეს არის პანდემიის დასრულებამდე ჩვენი მოქალაქეების დაცვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა კოვიდ 19-თან მიმართებაში, მეორე-ეს არის იმ მოქალაქეებისთვის დახმარების უზრუნველყოფა, ვინც დაკარგა სამსახური, დაკარგა შემოსავალი და ვისაც ყველაზე მეტად დღეს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მესამე – ეს არის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი კერძო სექტორის მიმართ, ბიზნეს სუბიექტების მიმართ, მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში, რათა პანდემიის დასრულების მომენტისთვის ჩვენი ეკონომიკა და კერძო სექტორი მზად იყოს სწრაფი აღდგენისთვის. ეს არის სწრაფი აღდგენის ბიუჯეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ჩვენ დავიწყეთ ასევე, მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც, ძირითადად, ორი კომიტეტი მუშაობს – ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს – ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ უკვე და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტსაც და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ, ასევე, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული. შესაბამისად, პარლამენტი განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს საქართველოს პარლამენტის წევრების: ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტები გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, პარლამენტის წევრების წერილობითი მომართვის საფუძველზე კომიტეტმა განიხილა დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა დაადგინა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საკითხის შესწავლის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნული პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტები მოამზადა, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინა. დეპუტატებმა პარლამენტის წარმოდგენილ დადგენილების პროექტებს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირეს. პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მათი მომზადება საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით უცვლელი რჩება საფასურის ოდენობა და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები სწორდება. სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. მისი განცხადებით, სხვადასხვა დროს შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა რიგი მუხლების და პუნქტების დუბლირება და ტექნიკური ხარვეზები გამოიწვია. მიხეილ დაუშვილმა კოლეგებს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სხდომაზე ცვლილებების განხილვას დისკუსია მოყვა. პარლამენტის წევრებმა თეა წულუკიანმა და მიხეილ სარჯველაძემ ცვლილებების ის პროექტი, რომელიც შრომის კოდექსიდან მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას ითვალისწინებდა, მკაცრად გააკრიტიკეს და დასაქმებულების შრომითი უფლებების კუთხით იგი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. საკითხზე მსჯელობისას, პარლამენტის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ცვლილებების ინიციატორს აღნიშნული პუნქტის კოდექსში დატოვების წინადადება შესთავაზა. მიხეილ დაუშვილმა წარმოდგენილი წინადადება მიზანშეწონილად მიიჩნია და საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტი აღნიშნული დათქმით დაამტკიცა. რაც შეეხება ცვლილებების პაკეტში შემავალ კიდევ ორ კანონპროექტს, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, მათი კენჭისყრა 5 იანვრის სხდომისთვის გადაიდო. სხდომაზე ასევე დაჩქარებული წესით მისაღებად, პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა უფლებამოსილი იქნება ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნული უფლებით სარგებლობა არა მხოლოდ თბილისის, არამედ სხვა მუნიციპალიტეტის მერიებისთვისაც მოითხოვეს. სხდომის დასასრულს, კენჭისყრის პროცედურების გამართვამდე, პარლამენტის წევრები დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“,„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტებსაც გაეცნენ.